ზუსტად 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა. სარეფერენდუმო ბიულეტენში სულ 1 წინადადება ეწერა, "თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?" რეფერენდუმში, რომელიც ვიმეორებ - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ოლქშიც გაიმართა, 3 302 572 მოქალაქე მონაწილეობდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 90,3%-ს შეადგენდა. მონაწილეთა 98,9%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო ცნობას.
33 წლის წინანდელი რეფერენდუმის შედეგად ახალი საქართველო დაიბადა. ახალი საქართველო - "ძველი ხალხით", მრავალწლიანი კოლონიალური მონობის შედეგად დეფორმირებული ეროვნული ხასიათით, შეცვლილი და შერყვნილი მეხსიერებით, თუმცა გაღვიძებული ეროვნული მუხტით და უზარმაზარი იმედებით. ამ "ძველი ხალხის" აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ ადამიანები, რომელთაც თავიანთ სიცოცხლეში ერთხელაც არ უოცნებიათ საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთები, რომლებიც ამაზე ოცნებობდნენ და კიდევ უფრო ცოტანი, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ და რეპრესიების მიუხედავად, ბედავდნენ სიტყვით, ან მოქმედებით საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა გაეცოცხლებინათ.
რა არ გადაგვხდა ამ 33 წლის განმავლობაში: ძველი მტრის მიერ ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი, სეპარატისტული ანკლავების აგრესია, ქართველების ეთნიკური წმენდა, ეკონომიკური კოლაფსი და სოციალური სიდუხჭირე, განმეორებითი ომი მომძლავრებულ მეტროპოლიასთან, მიგრაციის ტალღები და დემოგრაფიული დაღმასვლა. ბევრი რამ გადავიტანეთ. ბევრმა ვერ გადაიტანა. ამდენი განსაცდელის გამოვლის შემდეგ ბევრი მაინც მედგრად დგას. მწამს ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართველი ერის უკვდავების. გარდასულთა, ახლა მცხოვრებთა და მომავალთა მეტაფიზიკური ერთობის.
როგორც მოსალოდნელი იყო, ისეთიც ბევრია, რომელმაც 33 წლის წინ, რეფერენდუმზე, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას გზა დაულოცა, ისტორია შექმნა და ისტორიის ნაწილი გახდა, მაგრამ წლების განმავლობაში ენთუზიაზმი გაუნელდა. ან უარესი - მისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეეპარა, ზოგი ამას ღიად ამბობს, ზოგი, რუსული იმპერიის წიაღში ქვეყნის კვლავ დაბრუნებას ჩუმად გულშემატკივრობს, იმის იმედად, რომ გვიანი საბჭოეთის სტაბილურობას და კორუფციულ "კეთილდღეობას" დაიბრუნებს. ნაწილს ისიც კი სჯერა, რომ დღევანდელ რუსეთს, პუტინის რუსეთს, დასავლეთთან მიმართებაში მორალური უპირატესობა აქვს და თავისი ფსევდორელიგიური თუ ეროვნული უფრო სწორედ - პროვინციულ-ეთნიკური ინტერესების დაცვას - სუვერენობადაკარგულ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ნაჩვევ მონურ გარემოში უფრო შეძლებს.
33 წლის წინ რეფერენდუმში მონაწილე და თავისუფლების გულშემატკივარ მოქალაქეთა უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ასე არ ფიქრობს. საბედნიეროდ, დღეს ასეთები უმრავლესობას წარმოვადგენთ. უკვე ასაკოვანები, 33 წლიანი სირთულეებით განაწვალებნი და დაღლილნი… და სწორედ აქ შემოდის ისტორიის სცენაზე "მოსეს თაობა." უკვე არცთუ ისე ახალგაზრდები და კიდევ უფრო პატარები. ისინი, რომლებიც რეფერენდუმის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ. ისინი, რომლებმაც უფროსებთან ერთად ყველაზე რთული წლები გამოიარეს: შიმშილის, უშუქობის, ახლობლების დაკარგვის, ოჯახის წევრების უცხოეთში გადახვეწის. ისინი, რომლებიც გაიზარდნენ, საკუთარ ფეხებზე ძლიერად დადგნენ და ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავენ. დღეს მათ ხელშია 33 წლის წინ, მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სიცოცხლისუნარიანობის ბედი. დღეს მათ შეუძლიათ ახალი სული, ახალი სიცოცხლე შთაბერონ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის იდეას. დღეს მათ შეუძლიათ აახდინონ მათი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი ოცნება ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებაზე.
ყოველგვარი გაზვიადების გარეშე: 1991 წლის 31 მარტის შემდეგ ბევრი რთული წელი გვქონდა, გარდამტეხიც და მნიშვნელოვანიც, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით, 2024 წლის არჩევანს და შედეგს, რომელიც მას მოჰყვება საქართველოს გეოპოლიტიკური პერსპექტივის გარანტირებისთვის, ვერცერთი წელი, ვერც ერთი გადაწყვეტილება ვერ შეედრება: მსოფლიოს ისტორიის ჩარხი საქართველოს სასარგებლოდ ტრიალებს და ყოველგვარი ომისა და სისხლისღვრის გარეშე, მხოლოდ ქართველი ერის ნების შეგებება სჭირდება ისტორიულ ხდომილებას, რომლის შედეგადაც საქართველო, თავისი სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს - გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ქართველები და საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანი თავს იგრძნობს დაცულად და მისი ოჯახის კეთილდღეობა იქნება გარანტირებული.
წელს, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გველის, "ძველმა ხალხმა", რომლებიც მონობიდან გამოვედით, ჩვენი გასაკეთებელი საქმე მეტ-ნაკლები წარმატებითა და წარუმატებლობით, მაგრამ გავაკეთეთ. საკუთარი პასუხისმგებლობა, ჩვენი პასუხისმგებლობა არსად გაქრება. მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას "მოსეს თაობა" - ის ადამიანები იტყვით, რომლებიც ერის და ქვეყნის მომავალზე ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ხდებით პასუხისმგებელნი. საქართველოს ბედი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში დაბადებული თაობის ხელშია და დარწმუნებული ვარ, 33 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველოს ხელახალ, ეროვნულ, ევროპულ სახელმწიფოდ დაბადებას, არცერთი მათგანის წარმოდგენაში ალტერნატივა არ აქვს და არ ექნება.
ამ ფოტოზე 1991 წლის 26 მაისს, რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შემდეგ, ქართული ჯარის პირველი აღლუმი და ფიცის დადების ცერემონიაა ასახული, სხვათა შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ, როგორც მაშინ ვეძახდით დინამოს სტადიონზე. ეროვნულ არქივში შემონახულ ამ ისტორიული მომენტის ცენტრში ზვიად გამსახურდია ჩანს. მის უკან გამოსახული ახალგაზრდა, უფრო სწორედ, ჯერ პატარა ბიჭი შეიძლება გეცნოთ, მე ვარ.. როგორც ამბობენ დიდად არ შევცვლილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, შევიცვალე კიდეც და მას შემდეგ ბევრი რამ ჩემშიც შეიცვალა - ერთის გარდა - სიამაყე, რომ ქართველი ვარ და რწმენა, რომ მრავალეროვანი და მრავალკონფესიური თანამედროვე ქართველი ერი და სახელმწიფო აუცილებლად გაიმარჯვებს საბჭოთა წარსულზე და ააშენებს ევროპულ მომავალს.
მე, როგორც "ძველი" თაობის ახლა უკვე კაცი, ასე დავამთავრებ: გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს! და გამარჯვება "მოსეს თაობას", რომელიც ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ექვთიმე თაყაიშვილის, ამბროსი ხელაიას, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საუკუნეების განმავლობაში მებრძოლი ყველა გმირის და თაობის ღირსეული მემკვიდრეა!
უდაბნოს თაობის უკვე გამარჯვებული ახალგაზრდები კი ასე მარტივად იტყვიან - "სად მივდივართ?- ევროპაში!!!".